ანალემა

ანალემა
ანალემა თბილიში 2007/2008

четверг, июля 10, 2008

ანალემა ცაში



ანალემა ცაში

მზის საათის მფლობელებმა კარგად იციან, რომ წელიწადის განმავლობაში მზე ცაზე ”რვიანს” შემოწერს. ამ წირს ანალემა (მზის საათის ზოდიაქური წრე) ეწოდება და მას მზის საათის ციფერბლატზე გამოსახავენ, რომ ცის სფეროზე მზის არათანაბარი მოძაობით გამოწვეული მზისმიერი დროის შესწორება (ე. წ. დროის განტოლება) გაითვალისწინონ. ძველ დროში ანალემას გლობუსებზეც გამოსახავდნენ, მაგრამ დროის განსაზღვრის თანამედროვე მეთოდები ამის საჭიროებას აღარ მოითხოვენ.

სურათზე გამოსახული ფოტოგრაფია ჭეშმარიტად არის შენელებული გადაღების შედევრი, რომელიც მეცნიერული ფაქტის ბრწყინვალე ილუსტრაციაა, თუმცა მას უფრო ესთეტიკური ღირებულება აქვს, ვიდრე მეცნიერული. სურათის ავტორია ამერიკული სამეცნიერო-პოპულარული ჟურნლის “Sky and Telescope”რედაქტორის მოადგილე დენის დი კოიკო. მან 1979 წელს მასაჩუსეტსის შტატში, თავის სახლიდან გადაიღო ეს სურათი.

იგი აღნიშნავდა: ”მე ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა უნიკალური ფოტო. ვიმედოვნებდი, რომ მიიქცევდა ასტრონომების ყურადღებას და მოხვდებოდა ასტრონომიის წიგნებში. მაგრამ მე არ შემეძლო მეფიქრა, რომ ის გამოქვეყნებული იქნებოდა ორ ათეულ, ძალიან ცნობილ ჟურნალში, მოხვდებოდა მრავალ წიგნში და ფირმა ”კოდაკის” სარეკლამო პროსპექტში. ათეულ სხვადასხვა ენაზე გამოცემულ წიგნებში დაბეჭდილ მის საერთო ტირაჟს თუ დავითვლით, იგი 10 მილიონს აჭარბებს ”. უფრო მეტიც, ამ ფოტოგრაფიამ 1983 წელს ამერიკის მეცნიერების განვითარების ხელის შემწყობი ასოციაციის მიერ გამართულ, მეცნიერული ფოტოგრაფიის პირველ კონკურსში, უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.

დედამიწის ორბიტა იდეალური წრეწირი რომ ყოფილიყო, ხოლო ეკვატორისა და ორბიტის სიბრტყეები ერთმანეთს რომ დამთხვეოდა, მაშინ დენის დი კოიკოს სურათზე მზის ერთადერთი გამოსახულბა გამოჩნდებოდა. მაგრამ მზის სისტემა არც თუ ისე მარტივია, როგორც ფიქრობდნენ არისტოტელე და მისი მიმდევრები. ანალემის ”რვიანის” ფორმა აიხსნება იმით, რომ დედამიწის ეკვატორის სიბრტყე (ცის ეკვატორის სიბრტყე) ორბიტის სიბრტყესთან (ეკლიპტიკის სიბრტყესთან) შეადგენს 23,440-იან კუთხეს. აგრეთვე, ”რვიანის” რგოლები ერთნაირი არ არის, რადგან დედამიწის ორბიტა წრეწირი კი არაა, არამედ ელიფსია. ორბიტის ექსცენტრიულობა (ექსცენტრისიტეტი) ძალიან მცირეა (0,01675), მაგრამ ამის გამო დედამიწა პერიგეიში (მზესთან ყველაზე ახლო წერტილი - ზამთარში) ცოტა უფრო ჩქარა მოძრაობს, ვიდრე აფელიუმში (მზიდან ყველაზე დაშორებული წერტილი - ზაფხულში).
დედამიწის ეკვატორის სიბრტყის მისი ორბიტის სიბრტყესთან დახრის გამო მზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჰორიზონტიდან უფრო მაღლა და მაღლა იწევს დეკემბრიდან ივნისამდე (სურათზე მზის გამოსახულების ”ქვედა” ტრაექტორია მარჯვენა ქვედა კუთხიდან მიდის მარცხენა ზედა კუთხეში), ხოლო ივნისიდან დეკემბრამდე ეშვება ქვევით. მარჯვნივ ყველაზე ქვედა წერტილი შეესაბამება ზამთრის მზებუდობას (ყველაზე მოკლე დღე - 21 ან 22 დეკემბერი), მაშინ მზე სამხრეთის ტროპიკის ზენიტშია. ხოლო მარცხნივ ყველაზე ზედა წერტილი - ზაფხულის მზებუდობას (ყველაზე გრძელი დღე - 21 ან 22 ივნისი), მაშინ მზე ჩრდილოეთის ტროპიკის ზენიტშია. მრუდები გადაიკვეთებიან ცის ეკვატორზე - გაზაფხულისა და შემოდგომის დღეღამტოლობის წერტილებში. სურათზე 8-ანის ფორამაში მრუდების გადაკვეთა ხდება 13/14 აპრილსა და 30/31 აგვისტოს.

სურათის გადაღებამ მოითხოვა გულმოდგინე მომზადება. პირველი ცდა უშედეგოდ დამთავრდა და დენის დი კოიკომ მას იუმორით ”ერთი წელიწადი ხანგრძლივობის საცდელი ექსპოზიცია უწოდა ”. მოცემული სურათის მისაღებად ექსპოზიცია ხორციელდებოდა დაახლოებით კვირაში ერთხელ (8 - 9 დღის შემდეგ, ამინდის მიხედვით) 4,0 სიმკვრივის ნეიტრალური შუქფილტრის გამოყენებით ზუსტად 13.30 საათზე მსოფლიო დროის მიხედვით (8.30 საათზე ან 9.30 საათზე ადგილობრივი დროით). სამი ხაზი, რომელიც გადაღებულია 6,0 სიმკვრივის ნეიტრალური შუქფილტრით, აჩვენებს მზის ამოსვლის პროცესს: ორს მზებუდობის ახლოს და ერთს - 13/14 აპრილს (ან 30/31 აგვისტოს). ორ შემთხვევაში (ზაფხულის მზებუდობისას - 21/22 ივნისი და 8-იანის ფორმაში მრუდების გადაკვეთისას - 30/31 აგვისტო) გადაღებისას შერჩეული იყო ზაფხულის პერიოდი, რადგან ამ დროს ხის ფოთლები დაიცავდა ფოტოფირს ზედმეტი სინათლისაგან. ზამთრის მზებუდობის დროს ხეებს ფოთლები გაცვენილი ჰქონდა, ამიტომ სურათის მარჯვენა ქვედა კუთხეში გვეჩვენება, რომ მზე ხის ფოთლების წინ გადის. ადგილმდებარეობის წინა პლანი იმავე წელს იქნა გადაღებული, რისთვისაც ცის ჩამოსაბნელებლად პოლარიზაციური ფილტრი იქნა გამოყენებული.
აღსანიშნავია, რომ ეს ფოტოგრაფია არ არის მონტაჟი. ყველა 48 ექსპოზიცია შესრულებული იყო ფოტოფირის ერთ კადრზე (44 მზის გამოსახულება, 3 მზის ამოსვლის პროცესი და 1 წინა პლანი). აღსანიშნავია, რომ ელექტრომომარეგების ავარიამ გამოიწვია ავტომატური დანადგარის შეცდომით ამუშავება და სურათზე მზის 45-ე გამოსახულებაც აღიბეჭდა. იგი რეტუშირებული იქნა და სურათზე აღარ ჩანს.



დენის დი კოიკო

უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ
http://www.acienciasgalilei.com/astrofisica/ssolar/5ssolar.htm
http://www.analemma.com/
http://www.analemma.de/
http://www.hprcc.unl.edu/nebraska/metr351analemma.html
http://antwrp.gsfc.nasa.gov/apod/ap020709.html
http://antwrp.gsfc.nasa.gov/apod/ap020709.html
http://www.cia.gov/cia/publications/factbook/index.html
http://science.enotes.com/earth-science/analemma/print
http://paginas.terra.com.br/lazer/zeca/sci/analemma.html
http://heritage.stsci.edu/
http://www.sundials.co.uk/
* cia_Central Intelligence Agency_ცენტრალური სადაზვერვო სამსახური (აშშ)

Комментариев нет:

ჩემ შესახებ

Моя фотография
თბილისი, საქართველო, Georgia