ანალემა

ანალემა
ანალემა თბილიში 2007/2008

вторник, января 13, 2009

განათლების რეფორმა

განათლების რეფორმის შესახებ

(ეს წერილი დაბეჭდილია გაზეთში ”ახალი განათლება”, 10-16 თებერვალი, 2005 წელი, #4 (259) გვ. 4)

საქართველოში მიმდინარეობს განათლების სისტემის მორიგი რეფორმა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინტერნეტის გვერდის საშუალებით მისამართზე www.mes.gov.ge გავეცანი ეროვნულ სასწავლო გეგმას (ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის და საგნობრივ პროგრამას ბუნებისმეტყველებაში)_პროექტი “ილია ჭავჭავაძე”. ამ დოკუმენტებიდან ჩანს, რომ იგი წინა რეფორმებისაგან რადიკალურად განსხვავდება. ამაში არაორდინარული არაფერია, რადგან განათლება კაცობრიობის მოღვაწეობის ის სფეროა, რომლის რეფორმა გარკვეული დროის შემდეგ აუცილებელი და გარდაუვალია; იცვლება საზოგადოება და, შესაბამისად, ეს მოითხოვს მოზარდი თაობის სწავლების სისტემის, აღზრდისა და განვითარების აუცილებელ ცვლილებას, მაგრამ არა არსებილის ერთბაშად უარყოფასა და დანგრევას, არამედ ზოგიერთი დადებითის შენარჩუნებას.

ამჟამინდელი რეფორმა განხორციელდება საზოგადოების დემოკრატიზაციის პირობებში. აქედან გამომდინარე, აუცილებელი და გარდაუვალია სკოლების დემოკრატიზაცია, კერძოდ, მისი ჰუმანიტარიზაცია. პირველად, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, სკოლებში შემოიჭრა თავისუფლების იდეა, რაც მოსწავლეთათვის ეს ნიშნავს იმ ფორმისა და განათლების იმ დონის შერჩევას, რომელიც მათთვის მისაწვდომი და საინტერესო იქნება. მშობლებისთვის ისაა, რომ დაეხმარონ თავიანთ შვილებს საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების რეალიზაციაში, ხოლო სკოლებისათვის, კონკრეტულად, მასწავლებლისათვის ნიშნავს მოახდინოს მათთვის ყველაზე უფრო მისაღები განათლების კონცეფციის რეალიზაცია. ეს უკვე ლოზუნგი კი არა, რეალობაა. თავიანთი ინდივიდუალური სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით მომუშავე სხვადასხვა ტიპის სასწავლო დაწესებულებების_საავტორო სკოლების, გიმნაზიებისა და ლიცეუმების გამოჩენა, თითქმის ყველა საგანში პარალელური სახელმძღვანელოების გამოსვლა ეს უკვე რეალური გადასვლაა ხისტი რეგლამენტირებული ერთსახოვანი სკოლიდან ახალგაზრდობის სწავლებისა და აღზრდის ჰუმანური მეთოდებით მომუშავე უფრო დემოკრატიულ სკოლაზე.

2001 წელს გამომცემლობა “ინტელექტმა” გამოსცა ჩემ მიერ შედგენილი წიგნი_”აზრის ჯაჭვი” (მოსწავლეთა ინტელექტის განვითარებისათვის), რომელსაც განათლების სამინისტრომ მიანიჭა გრიფი და დაამტკიცა დამხმარე სასწავლო მასალად მათემატიკაში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის V-XI კლასების მოსწავლეთათვის. ამ წიგნის შესავალში მოკლედ გადმოვეცი ჩემი მოსაზრებები არსებული განათლების სისტემის შესახებ: “მრავალწლიანმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ და თანამედროვე მეთოდური ლიტერატურის გაცნობამ დამარწმუნა, რომ სწავლების ტრადიციული მეთოდები მოითხოვს გადასინჯვას და სქოლასტიკისაგან განთავისუფლებას (სქოლასტიკა არის სკოლის მუშაობისა და ცხოვრების წესის სისტემა, რომელსაც სკოლის გარეთ არ გააჩნია არავითარი ფასეულობა, რადგან სკოლას არ შეუძლია მოამზადოს ბავშვები ცხოვრებისათვის).

ზოგჯერ ტრადიციული სკოლა იყენებს მხოლოდ ახსნისა და ნათქვამის საილუსტრაციოდ ცდებსაც, მაგრამ ასეთი ახსნა მხოლოდ ზედაპირულ და ფორმალურ ცოდნას იძვლევა, რომელიც ვერ მკვიდრდება ადამიანის გონებაში. ასეთი ცოდნა იმ ნორჩ ყლორტს წააგავს, ხეს რომ ჩამოსხეპენ და მიწაში ჩაარჭობენ. ცხადია, იგი მალე იღუპება. სწორედ ასეთი ზედაპირული, უფესვებო ცოდნას იძლევა ტრადიციული სკოლა, რომელიც თავის ნაკლოვანებებს ნიღბავს უშინაარსო, ხმამაღალი, წყალივით მორაკრაკე მრავალსიტყვაობით. რა თქმა უნდა, კარგი მეხსიერება შესანიშნავი თვისებაა, მაგრამ მას ხშირად შეცდომაში შეჰყავს პედაგოგი და მშობელი. საუბედუროდ, გამოცდებზეც მხოლოდ იმას ამოწმებენ, თუ რა დაიმახსოვრა მოსწავლემ. დაზეპირება არ ნიშნავს ცოდნასო, _ უთქვამს ფრანგ ფილოსოფოსს, ჰუმანისტ მიშელ დე მონტენს. იგი უარყოფდა სქოლასტიკოსთა მთავარ მეთოდს “ჩავასხათ ადამიანში ცოდნა, როგორც ძაბრში”.

საუბედუროდ, მთელი ტრადიციული სწავლება ემყარება მეხსიერებას, რომლის მექანიკურ გამოყენებას დაუძლურებამდე და გამოფიტვამდე მივყავართ. სამწუხაროდ, სწორედ ეს ემართება ჩვენს ახალგაზრდობას. სინამდვილეში ასეთი ცოდნის უსარგებლობა სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება. ახლა ყველგან, იშვიათად სკოლაში, ბევრს ლაპარაკობენ ჭეშმარიტ, ღრმა კულტურისა და ინტელექტის მნიშვნელობასა და მოაზროვნე თაობის აღზრდაზე.
ცხადია, ამ ურთულეს პირობებში რომ იცხოვრო, საჭიროა, იაზროვნო. სწორედ ამიტომ გაგახსენეთ დიდი ფრანგი ფილოსოფოსისა და მათემატიკოსის რენე დეკარტის გამონათქვამი: “Cogito, ergo sum” (“ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ”).

ბევრ რამეში ვეთანხმები და პრაქტიკულად ვიყენებ მეოცე საუკუნის გამოჩენილი ფრანგი პედაგოგის სელესტენ ფრენეს (1896-1966), ორიგინალური პედაგოგიური სისტემისა და “პედაგოგიური ინვარიანტების” ავტორის, მოსაზრებებს. უნდა ვიფიქროთ, რომ ნამდვილი კულტურისა და ინტელექტის განვითარებისაკენ მიმავალი გზა ექსპერიმენტულ მოსინჯვაზე გადის. ცოდნის შეძენა მიიღწევა ექსპერიმენტის გზით, და არა წესებისა და კანონების შესწავლით (გაზეპირებით), როგორც ზოგჯერ ფიქრობენ. წესებისა და კანონების პირველ რიგში შესწავლა იმას ჰგავს ურემი ხარებს წინ დავუყენოთ. ცოცხალი ექსპერიმენტული მუშაობის პრინციპია: “მეფოლადე მხოლოდ ღუმელთან შეიძლება გახდე”. სამწუხაროდ, ტრადიციული სკოლა ავითარებს მხოლოდ აბსტრაქტული აზროვნების უნარს, რაც შორსაა რეალური ცხოვრების მოთხოვნებისაგან. მათ, ვისაც ჰიპერტროფირებული (არანორმალურად განვითარებული) აქვს ინტელექტის ეს ფორმა, შეუძლიათ შესანიშნავად იმსჯელონ ნებისმიერ “ჭკვიანურ” თემაზე, მაგრამ სრულიად უმწეონი აღმოჩნდებიან, როცა საქმე შეეხება ცხოვრებასა და გარემოსთან ადაპტაციას.

არსებობს ინტელექტის სხვა ტიპებიც და ისინი ექსპერიმენტული მოსინჯვის პროცესში ვითარდება. ესენია: ხელით შრომის უნარი, შემოქმედებითი უნარი, პრობლემათა გონივრული, პრაქტიკული გაგების უნარი, შემეცნებისადმი მეცნიერული მიდგომის უნარი, სოციალურ-პოლიტიკური მიმართულების მქონე ინტელექტი, რომლის მფლობელთაგან იზრდებიან, ყალიბდებიან საზოგადოებრივი მოღვაწენი.
კაცობრიობა ყოველთვის მაღალ შეფასებას აძლევდა ინტელექტის ამ სხვადასხვაგვარ ფორმებს. სწორედაც რომ მათი შემწეობით გვყავს ხელოვნების გენიოსი მოღვაწენი, გამომგონებლები თუ მეცნიერები. ასეთი ხალხი ვერ ეგუებოდა სწავლების ტრადიციულ ხერხებს და, ხშირად, ისინი სკოლაში ჩამორჩებოდნენ.

თანამედროვე საზოგადოებას ესაჭიროება განსხვავებული მიმართულების კადრები _ გამომგონებლები და მკვლევარები, რაც მოითხოვს ინტელექტის სხვადასხვა ფორმის განვითარებას.
კარგად ვიცით, რომ ბავშვის ბუნება არაფრით განსხვავდება ზრდასრული ადამიანის ბუნებისაგან. განსხვავება მხოლოდ გამოცდილებასა და განვითრების დონეშია. არც ბავშვსა და არც უფროსს არ უყვარს, როცა რამეს უბრძანებენ. ყოველი ადამიანი ასეა მოწყობილი _ ნებისმიერი ბრძანება თითქმის ავტომატურად წინააღმდეგობის გრძნობას იწვევს: ადამიანი წითლდება, აზრი ეფანტება და პირველი სურვილი, რაც უჩნდება, ეს არის, წინ აღუდგეს, არ დაემორჩილოს ბრძანებას. კანონზომიერია შემდეგი მტკიცება: ნებისმიერი ავტორიტარული ბრძანება ყოველთვის შეცდომაა. ნებისმიერ ბრძანებას, როგორც წესი, ბავშვი თუ უფროსი, პასუხობს უარყოფითად: “არა!” მნიშვნელობა არა აქვს, ხმამაღლა წარმოთქვამენ ამ სიტყვას, თუ ხმადაბლა. ამიტომ მათთან საჭიროა მეგობრული ურთიერთობა.

ამ ქვეყანაზე არავის უყვარს ფუჭი შრომა, რობოტივით მოქმედება, არავის ეხალისება რაიმე სამუშაოს შესრულება სხვისი ჩანაფიქრის მიხედვით. ყოველი შრომითი საქმიანობა დამოუკიდებელი და შემოქმედებითი უნდა იყოს. ერთი და იგივე სამუშაო ერთისათვის მძიმე მონობაა, მეორისათვის_თავისუფალი შემოქმედებითი შრომა, რომელიც მას ყოველთვის დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
ცოდნის ათვისების ყველაზე ეფექტური გზაა არა უბრალო დაკვირვება, ახსნა და რაიმეს დემონსტრაცია, როგორც მიმდინარეობს ტრადიციულ სკოლაში, არამედ შემეცნების ბუნებრივი, მეცნიერული და უნივესალური მეთოდი, რომელიც ციკლურად ვითარდება: ფაქტების ერთობლიობის ანალიზისა და პრობლემის დასმით_ჰიპოთეზისაკენ; ჰიპოთეზიდან_თეორიული შედეგებისაკენ; შედეგებიდან_მათი ინტერპრეტაციით ექსპერიმენტული შემოწმებისაკენ და, ბოლოს, პრაქტიკული გამოყენებისაკენ...”
ეს ამონარიდი იმიტომ მოვიყვანე, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოცდილი პედაგოგების ბევრი ასეთი მოსაზრება გათვალისწინებულია და ეს ძალიან კარგია, მაგამ ზოგი რამ მოითხოვს საფუძვლიან დაკვირვებას და კარგად განხილვას.

ამ პირობებში დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია განათლების საკითხებზე მეცნიერებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და შეხედულებების გათვალისწინებას. ზოგიერთი მათგანი (ცხადია, ძალიან მცირე ნაწილი) ეროვნული სასწავლო გეგმის შედგენის მონაწილეა. მაგრამ, ჩემი აზრით, საოცარია ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი: ასტრონომია, როგორც ფიზიკა, ერთ-ერთი უძველესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებაა და როგორც სასწავლო საგანი, განსაკუთრებით უდიდესია მისი ზოგადსაგანმანათლებლო, კულტურული, განმავითარებელი და მსოფლმხედველობითი მნიშვნელობა, მაშინ, როდესაც იგი ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაუთვალისწინებელ საგნების სიაშია (მაგ. ცეკვა, ფოტოგრაფია, ასტრონომია და სხვ.!!!), როგორც ფაკულტატური საგანი.

ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ერთი მეტად საყურადღებო ფაქტი. როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირის არსებობის დროს ყველა რესპუბლიკაში ძირითადი სასწავლო საგნები და განსაკუთრებით ფუნდამენტური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძველები უნიფიცირებული სახელმძღვანელოებით (რუსულიდან ნათარგმნი სახელმძღვანელოებით) ისწავლებოდა. ასტრონომია კი მხოლოდ საქართველოში ეროვნული სახელმძღვანელოთი ისწავლებოდა (ავტ. ბატონი ევგენი ხარაძე). 1973-74 სასწავლო წელს (მაშინ საქართველოს განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების განყოფილებაში ვმუშაობდი) სსრ კავშირის განათლების სამინისტროდან მოვიდა წერილი, რითაც მოითხოვდნენ ამ სახელმძღვანელოს რუსულად თარგმნას და სარეცენზიოდ მოსკოვში გაგზავნას (სინამდვილეში, მათ უნდოდათ საქართველოშიც ისე, როგორც ყველა სხვა რესპუბლიკაში, შემოეტანათ ვორონცოვ-ველიამინოვის ავტორობით დაწერილი ასტრონომიის სახელმძღვანელო). ამ პერიოდში ბატონი ევგენი ხარაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გახლდათ. ცხადია, ეს წერილი მას გავაცანით. სახელმძღვანელო რუსულად თარგმნეს და მოსკოვში გავგზავნეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ საქართველოს განათლების სამინისტრომ კვლავ მიიღო მოსკოვიდან წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ამ სახელმძღვანელოთი სწავლება შეიძლება (მოკლედ, ბატონ ევგენი ხარაძის დამსახურებამ და ავტორიტეტმა განაპირობა ეს გამონაკლისი ყოფილ იმპერიაში). ამ სახელმძღვანელოთი საქართველოში მრავალი თაობა აღიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე საკმაოდ მოძველებულია და უკანასკნელ მიღწევებს არ შეიცავს, ის დღესაც გამოიყენება XI კლასებში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ასტრონომიის, როგორც სასწავლო საგნის სწავლების გამოცდილებაა (15 წელი ვასწავლიდი თბილისის 47-ე საშუალო სკოლაში), არსებობს ასტროფიზიკური ობსერვატორია, გვყავს ამ დარგის შესანიშნავი მეცნიერები, რომელთაც შეუძლია ახალი, უფრო სრულყოფილი სახელმძღვანელოს, ან ინტეგრირებული სახელმძღვანელოს დაწერა (მაგ.”ფიზიკა და ასტრონომია”, როგორც ზოგიერთ ქვეყნაშია, მაგალითად რუსეთში). რატომ არის ის ცეკვასთან და ფოტოგრაფიასთან ერთად ფაკულტატურ საგნებში გადატანილი?! საინტერესოა, რას ფიქრობს ამის შესახებ ბატონი გია მაჩაბელი _საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის წამყვანი მეცნიერთანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის შექმნის ერთ-ერთი მონაწილე.

გულდასმით გავეცანი საგნობრივ პროგრამას ბუნებისმეტყველებაში. ეს დოკუმენტი სტრუქტურითა და შინაარსით საკმაოდ მაღალ დონეზეა შედგენილი: დასაბუთებულია საბუნებისმეტყველო განათლების მნიშვნელობა; სწავლების მიზანი და ამოცანები; საფეხურების აღწერა_დაწყებითი (I-VI კლ.), საბაზო (VII-IX კლ.) და საშუალო (X-XII კლ.) სკოლა; სპეციფიკური უნარ-ჩვევები და მათი განვითარეება საფეხურების მიხედვით; მიმართულებები და მათი აღწერა; ამ საგნების სწავლების ორგანიზაცია. ინტერნეტის ზემოთ აღნიშნულ გვერდზე, ჯერჯერობით, გამოქვეყნებულია დაწყებითი სკოლის (I-VI კლ.) სტანდარტი და პროგრამის შინაარსი კლასების მიხედვით. ამ დოკუმენტებიდან ჩანს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების სწავლებაში ნამდვილად რეოლუციური ცვლილებებია გათვალისწინებული. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (ალბათ, მათი საფუძვლების) სწავლების მიზანსა და ამოცანებში აღნიშნულია: “საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია, მოსწავლე აზიაროს ბუნებისმეტყველების თანამედროვე მიღწევებს...”, ცოდნა: “...დედამიწა და კოსმოსი...” (დაწყებითი სკოლა). ამ მიზნების განხორციელება ელემენტარულ დონეზე ბუნებისმცოდნეობის საგანში მართლაც შეიძლება, მაგრამ საბაზო და საშუალო სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიწოდებაა საჭირო. ეს კი, ჩემი აზრით, შესაძლებელია ასტრონომიისა და ფიზიკის საკითხების ინტეგრირებით. ყოველი ადამიანი, მითუმეტეს, მოსწავლე, ხომ ხანდახან მაინც უყურებს მოწმენდილ ცას, რომელიც ღამით ვარსკვლავებითაა მოჭედილი (ის ხომ ყოველთვის უდიდესი ფილოსოფოსების გაოცებას იწვევდა), მაგრამ საფუძვლიანად და შეგნებულად სწავლის გარეშე ის დაინახავს რამეს?! ცქერა ხომ დანახვას არ ნიშნავს! ცხადია, ბუნების მოვლენებს ბევრი უყურებს, ცოტა ხედავს!

უნარ-ჩვევები: აქ ჩამოთვლილია “დაკვირვება, აღწერა; აღრიცხვა; კლასიფიკაცია; გაზომვა/რიცხვების გამოყენება; კომუნიკაცია; განჭვრეტა; დაგეგმვა; მონაცემების ინტერპრეტაცია; ჰიპოთეზის გამოთქმა: ექსპერიმენტის ჩატარება; მოდელის შექმნა და გამოყენება”. ცხადია, ეს შემეცნების მეცნიერული მეთოდის დაუფლებას ნიშნავს. ამრიგად, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას მოითხოვება შემეცნების მეცნიერული მეთოდის გამოყენების უნარ-ჩვევების დაუფლება (რაც აღნიშნული მაქვს “აზრის ჯაჭვის” შესავალში). ამ მეთოდს, როგორც ყველა გამოცდილი მასწავლებელი, ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ვიყენებ ფიზიკისა და ასტრონომიის სწავლების პროცესში.
საფეხურების აღწერაში (დაწყებითი, საბაზო და საშუალო) ყველგან მითითებულია ექსპერიმენტის დაგეგმვა და წარმართვა, მონაცემთა შეგროვება-დამუშავება. ეს, მართლაც, ერთ-ერთი მთავარი მეთოდია საბუნებისმეტყველო განათლების მისაღებად. უდიდესი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი აღნიშნავდა:

“ფიზიკის სწავლების პირველ საფეხურზე, ექსპერიმენტული მხარის გარდა, მისგან ყველაფერი უნდაგამოირიცხოს. კარგი ექსპერიმენტი ხშირად უფრო ფასეულია, ვიდრე წვალებით მიღებული ოცი განყენებული ფორმულა. ნორჩი გონებისათვის ფიზიკის ფორმულები ისევე მშრალია, როგორც ისტორიის ქრონოლოგიური თარიღები”.

ცხადია, სწავლებაში ამ მეთოდის განხორციელებას ესაჭიროება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (ხელსაწყო-იარაღები, ლაბორატორიები) და მეთოდური მითითებები (სათანადო ლიტერატურა). ამის შესახებ ეროვნულ სასწავლო გეგმაში კი არაფერია ნახსენები. ჩემი აზრით, აქ აღნიშნულ მოთხოვნებთან ერთად, მითითებული უნდა იყოს იმ ხელსაწყო-იარაღებისა და თვალსაჩინოებების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებითაც მიიღწევა სწავლების მაღალ დონეზე განხორციელება. მათი გამოყენების გარეშე, ტრადიციული სკოლის მსგავსად, მოგვიხდება მხოლოდ აბსტრაქტული აზროვნების უნარის განვითარება, რაც შორს იქნება რეალური ცხოვრების მოთხოვნებისაგან. ძველი სისტემა, რომელიც საქართველოს სკოლებს ამარაგებდა საჭირო ხელსაწყო-იარაღებითა და თვალსაჩინოებებით, მოშლილია.

საქართველოში სათანადო წარმოება საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ არსებობდა, ახლა ხომ ამაზე საუბარიც ზედმეტია. ამ ხარვეზის ნაწილობრივ გამოსწორების მიზნით განათლების სამინისტროს წინა ხელმძღვანებლობამ მოაწყო დამხმარე სასწავლო მასალებისა და თვალსაჩინოებების ორი გამოფენა (2002 წ. და 2003 წ.), სადაც, მართალია, ხელსაწყოები მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი (ისიც_სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი და საკმაოდ ძვირი), მაგრამ სხვადასხვა სახის დამხმარე მასალებით (ადგილობრივი წარმოების, რუქები, პლაკატები, წიგნები და სხვ.)_საკმაოდ მდიდარი, რაც უფასოდ დაურიგა საქართველოს სკოლებს. შეიძლება, ამ გამოფენებს რაღაც ნაკლოვანებები ჰქონდა, მაგრამ მან მაინც გარკვეული დახმარება გაუწია სკოლებსა და მასწავლებლებს. პირადად მეც მომცა სტიმული, რომ დამემზადებინა ფიზიკის სწავლებაში გამოსაყენებელი რაიმე ხელსაწყო_დავამზადე კიდეც. მაგ. “თანაბარი მოძრაობის შესასწავლი ხელსაწყო”, რომელიც, შეკვეთის მიხედვით, სკოლებმა უკვე მიიღეს.

გამოფენის შემდეგ მოვახდინე ამ ხელსაწყოს მოდერნიზება, იგი გამოიყენება რამდენიმე სადემონსტრაციო და ლაბორატორიული სამუშაოს ჩასატარებლად ფიზიკაში (ხელსაწყო ძალიან მარტივია და შეიძლება მისი გამოყენება დაწყებით სკოლაში ბუნებისმცოდნეობის სწავლების პროცესში, მაგ. VI კლასში, რომლის სტანდარტსა და პროგრამაში მოითხოვება: “მოძრაობის ტრაექტორიის დახასიათება, გავლილი მანძილისა და დროის გაზომვა, მონაცემების შეგროვება, მათი წარმოდგენა ცხრილის სახით, სიჩქარი მათემატიკური ფორმულირება, მისი რიცხვითი მნიშვნელობისა და ერთეულის დადგენა, სიჩქარეთა შედარება”) და 31.05.2004 წელს, როგორც სასარგებლო მოდელზე, წარვადგინე განაცხადი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში (“საქპატენტი”). 6.08.2004 წ. საპატენტო ექსპერტიზამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ამ ხელსაწყოზე (სახელწოდებით “სერელის ხელსაწყო”) პატენტის გაცემის შესახებ. კარგი იქნება, თუ მსგავს გამოფენებს უფრო უკეთესად ჩაატარებს განათლების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა. სხვანაირად ეროვნულ სასწავლო გეგმაში გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები მხოლოდ ქაღალდზე იქნება გადმოცემული _რეალურად განუხორციელებელი დარჩება.

ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში, თბილისში არსებობდა ამიერკავკასიის წარმომადგენელი იაკობ მიხეილის ძე აბეზგუზი (მისამართი: პასკევიჩის ქუჩა, სახ. #1. საფოსტო ყუთი #97), რომელიც ამიერკავკასიის სკოლებს სთავაზობდა გერმანიაში დამზადებულ ხელსაწყო-იარაღებს და ფიზიკის კაბინეტებს ამარაგებდა. იმ დროს ქალაქ დრეზდენში იბეჭდებოდა ფიზიკის ხელსაწყო-იარაღების კატალოგი, სადაც ყველა ინფორმაცია (სახელწოდება, ილუსტრაცია, ნომერი და ფასი) იყო მოცემული მათ შესახებ. 1905 წელს გამოცემული ერთი ასეთი კატალოგი არსებობდა 1847 წელს თბილისში დაარსებულ წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელის (ამჯამად 47-ე სკოლა) ფიზიკის კაბინეტში. გთავაზობთ ამ კატალოგის ყდისა და სატიტულო გვერდის ილუსტრაციას (საბჭოთა კავშირში დამზადებული ფიზიკის ხელსაწყო-იარაღები, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩენილია ჩვენს სკოლებში, ძირითადად, ამ კატალოგის მიხედვით არის დამზადებული, ე. ი. იყენებდნენ გერმანულ გამოცდილებას).




თუკი ერთი საუკუნის წინათ ასეთ საკითხებზე ფიქრობდა და ახორციელებდა საბჭოთა კავშირის შექმნამდე არსებული საქართველოს განათლების ხელმძღვანელობა, ახლა, XXI საუკუნეში, როდესაც თავისუფალ საქართველოში გათვალისწინებულია განათლების სისტემის რევოლუციური რეფორმა, რატომ არაფერი არაა ნახსენები ეროვნულ სასწავლო გეგმაში ამის შესახებ?!

საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მრავალ სიახლესთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებოა საგნების ინტეგრირებული სწავლება. დიდი ხანია, ამის გამოცდილება ბევრ ქვეყანას აქვს, მათ შრის რუსეთსაც (საქართველოში რამდენიმე წლის წინ საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირების აუცილებლობაზე ფიქრობდა და მუშაობდა პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ფიზიკოსი, ბატონი ოთარ ხაზარაძე, რომლის შრომების ორი ნაწილი გამომცემლობა “ინტელექტმა” 2004-2005 წლებში გამოსცა). ეროვნულ სასწავლო გეგმაში ნათქვამია: “სამყარო ჩვენ ირგვლივ ერთიანია და არ არის საგნებად დანაწილებული...” (ცხადია, იგულისხმება სასწავლო საგნები_მეცნიერების საფუძვლები). ეს, რა თქმა უნდა, ასეა და ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნის წინათ ასეც განიხილავდნენ ფილოსოფოსები. მაგრამ, როდესაც, ბუნების კვლევასთან დაკავშირებით, დაგროვდა დიდი ცოდნა, თანდათან ჩამოყალიბდა სხვადასხვა მეცნიერება, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია და სხვა.

ამჟამად ეს მეცნიერებები იმდენად არიან განვითარებული, რომ თითოეული მათგანის რომელიმე ნაწილის საფუძვლიან შესწავლას ერთი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაც კი არ ჰყოფნის. თანამედროვე, რომელიმე დიდი პრობლემის გადაწყვეტა მოითხოვს სხვადასხვა დარგის მეცნიერების ერთობლივ კვლევას. სკოლებში კი ამ მეცნიერებების საფუძვლები ისწავლება, რათა მომავალ თაობას სწორი წარმოდგენა ჰქონდეს სამყაროზე, როგორც ერთ მთლიანზე; ამისათვის კი საჭიროა სათანადო უნარ-ჩვევები (ამის შესახებ საკმაოდ კარგად არის გადმოცემული ეროვნულ სასწავლო გეგმაში). საჭიროა სასწავლო საგნებს შორის არსებობდეს მჭიდრო კავშირი. ამდენად, გამართლებულია ინტეგრირებული სახელმძღვანელოების შემოღება. დაწყებით სკოლაში (I-VI კლასები) ამის განხორციელება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე სბაზო (VI I - I X კლასები) და საშუალო (X-XI კლასები) სკოლებში. მითუმეტეს, როდესაც გათვალისწინებულია სამი საბუნებისმეტყველო საგნის (ბიოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის) ინტეგრირება.

ცხადია, იტეგრირებულ სახელმძღვანელოდ ვერ ჩაითვლება ისეთი წიგნი-სახელმძღვანელო, სადაც ერთი თავი იქნება ბიოლოგია, მეორე_ქიმია, მესამე_ფიზიკა. ინტეგრირებულ სახელმძღვანელოში საკითხები შერწყმული უნდა იყოს ერთმანეთთან, რაც ყოველთვის, ალბათ, ვერ მოხერხდება. ან ვინ დაწერს ასეთ სახელმძღვანელოს ასეთ მოკლე დროში?! ან ასეთ სახელმძღვანელოს აპრობაცია არ უნდა?! (ერთი წელი განა საკმარისი იქნება აპრობაციისათვის?!) აქვე მწვავედ დადგება მასწავლებლის პრობლემა. გვყავს (ან მოკლე დროში გვეყოლება?) ისეთი მასწავლებლები, რომლებიც შეძლებენ ასეთი სახელმძღვანელოთი სწავლებას?! ვინ იფიქრებს სათანადო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე (კაბინეტებისა და ლაბორატორიების აღჭურვაზე?)?

საშუალო სკოლაში ისწავლება საგნები: ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია. მაგრამ არა როგორც ძირითადი, არამედ: მე-10 კლასში_თითო სემესტრში თითო საგანი (ტრიმესტრული პრინციპით), ხოლო მე-11 და მე-12 კლასებში ეს საგნები შედის არჩევითი დისციპლინების ჯგუფში და ისწავლება ერთწლიანი ინტენსიური კურსის სახით. ამასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ეს საშუალებას მისცემს ახალგაზრდობას, უკეთესად მოემზადოს უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების დასაძლევად.

არ ვიცი, როგორ გაამართლებს ტრიმესტრული პრინციპი, მაგრამ მგონია, რომ ერთი სემესტრის განმავლობაში მხოლოდ ერთი საბუნებისმეტყველო საგნის სწავლება, ჯერ ერთი, მოსაბეზრებელი იქნება, მეორეც_პირველ (ან მეორე სემესტრში) ნასწავლი მასალა და ათვისებული უნარ-ჩვევები ემახსოვრება წლის ბოლოს? მოკლედ, გაუგებარია, რატომ უარყოფენ სისტემატურობისა და გენერალიზაციის პრინციპს. ამასთან, ჩანს, რომ საშუალო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების როლი საკმაოდ შემცირებულია_წინა პლანზე ჰუმანიტარული საგნებია წამოწეული და მოსალოდნელია სნობისტების აღზრდა.

ამათან დაკავშირებით აღსანიშნავია ჟურნალ “თავისუფლებაში” (#9, 2004) გოგი გვახარიას სტატია “სნობიზმი და კორუფცია”, სადაც ავტორი აღნიშნავს: “თავის ესეში “სნობიზმის ანატომია” არტურ კესტლერი სნობიზმის ეტალონად მიიჩნევს ევროპის ზოგიერთი ქვეყნის სკოლაში დამკვიდრებულ განათლების სისტემას, რომელშიც ძირითადი აქცენტი ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე კეთდება და ნაკლები ყურადღება ეთმობა საბუნებისმეტყველო სწავლებას. მწერალი იხსენებს ადამიანებს, რომლებიც უხერხულად გრძნობენ თავს, როცა მესამე ხარისხის მწერლის გვარი ავიწყდებათ, მაგრამ თითქმის ამაყად აცხადებენ, რომ წარმოდგენა არა აქვთ, როგორია ელექტრონული ნათურის მოქმედების მექანიზმი. ასეთი ადამიანები ჩვენ გვერდითაც ცხოვრობენ, დღევანდელ საქართველოში. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსვლის შემდეგ, როგორც წესი, ისინი ამერიკული განათლების სისტემაზე ქილიკობენ, უკვირთ, რომ იქ კიბერნეტიკის პროფესორმა არ იცის ვინაა დოსტოევსკი, სახელგანთქმულ ფიზიკოსს კი არასდროს მოუსმენია მოცარტის რეკვიემი”.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში კატეგორიულად არის მოთხოვნილი, რომ “დაუშვებელია მოსწავლეების დაყოფა სიძლიერის მიხედვით” და ეს მოსაზრება დასაბუთებულია მრავალი კვლევის საფუძველზე. ალბათ, ეს მოთხოვნა სამართლიანია, თუ საკითხი ეხება ერთსა და იმავე სკოლაში მოსწავლეების დაყოფას “ძლიერებად და სუსტებად”. მაგრამ, ვფიქრობ, სულ სხვაა პროფილირებული სწავლება ზედა საფეხურზე (საშუალო სკოლა X-XII კლ.) და შესაბამისი სკოლების არსებობა (თუმცა პროფილირებულ სწავლებასაც ჰყავს ოპონენტები). ამის შესახებ კი სასწავლო გეგმაში არაფერია ნათქვამი. ასეთი სასწავლებლები არსებობს განვითარებულ ქვეყნებში. მაგალითად, საფრანგეთში არის ფიზიკა-ტექნიკური სასწავლებელი, რომლის კურსდამთავრებულნი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები გახდნენ.

2004 წელს შესრულდა 40 წელი, როდესაც ყოფილ საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქალაქში შეიქმნა შესანიშნავი პროფილირებული სკოლები. ოთხ უნივერსიტეტთან_მოსკოვის, ლენინგრადის, ნოვოსიბირსკის (რომლის პირველი რექტორი იყო მსოფლიოში ცნობილი ქართველი მათემარიკოსი, აკადემიკოსი ილია ვეკუა, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი) და კიევში. XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანის დასაწყისში ზუსტი მეცნიერებები_მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და სხვ. ძალიან პოპულარული გახდა საბჭოთა ახალგაზრდებში. ეს დაკავშირებული იყო კოსმოსის ათვისებასთან, ბირთვული კვლევების განვითარებასთან, სხვა დიდ მეცნიერულ მიღწევებთან, ახალი სამეცნიერო ცენტრების გახსნასთან, რაც ფართო საზოგდოებისათვის უფრო ცნობილი გახდა, ვიდრე ადრე. იბეჭდებოდა სტატიები როგორც ”ძველ” ისე ”ახალ” მეცნირებებზე_გენეტიკაზე, კიბერნეტიკაზე და სხვა მეცნიერულ მიმართულებებზე, რაც ადრე იდეოლოგიური მოტივებით აკრძალული იყო. ცნობილი გახდა ადრე ”გასაიდუმლოებული” დიდი მეცნიერების_ი. ვ. კურჩატოვის, მ.ვ. კელდიშის, ს. პ. კოროლიოვისა და სხვათა სახელები. მკვეთრად გაიზარდა ინტერესი მათემატიკისა და ფიზიკის ოლემპიადებისადმი.

1960 წლიდან დაიწყო საკავშირო ოლემპიადები მათემატიკაში და ფიზიკაში (საქართველოში უფრო ადრე). ცოტა მოგვიანებით საერთაშორისო ოლიმპიადები. 1963 წელს მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების_აკადემიკოსების პ. ს. ალექსანდროვის, ა. კ. კოლმგოროვის, ი. კ. კიკოინის, მ. ა. ლავრენტიევის, ი. გ. პეტროვსკის_ინიციატივით სსრკ მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება მოსკოვის, ლენინგრადის, ნოვოსიბირსკისა და კიევის უნივერსიტეტებთან ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატების გახნის შესახებ, რომელიც მალე განხორციელდა კიდეც. სინამდვილეში, სპეციალიზებული სკოლა-ინტერნატი ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტთან ამ დადგენილებამდეც არსებობდა, რომლის ორგანიზება 1962 წელს მოახდინა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების პრეზიდენტმა აკადემიკოსმა მ. ა. ლავრენტიევმა. აღნიშნული სკოლების კურსდამთავრებულებიდან ბევრია ცნობილი მეცნიერები, მათ შორის_აკადემიკოსებიც.

1965 წელს თბილიშიც გაიხსნა ფიზიკა-მათემატიკის რესპუბლიკური საშუალო სკოლა-ინტრნატი (ყოფილი კომაროვის სახელობის, ამჟამად თენგიზ გეგელიას სახელობის), რომელიც ცოტა მოგვიანებით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არ სებული სასწავლებელი გახდა. საქართველოში (თბილისის ილია ვეკუას სახელობის 42, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის და სხვ.) ფიზიკა-მათემატიკური სკოლების წარGინებული კურსდამთავრებულები, შემდეგ_ცნობილი მეცნიერები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები მუშაობენ არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და ხელს უწყობენ ყოველგვარ განვითარებას. სწორედ ასეთებით ამაყობს სკოლა და მასწავლებელი. ვფიქრობ საჭიროა ამ ტრადიციის შენარჩუნება.

2005 წლის 20 თებერვალს თსუ თ. გეგელიას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის რესპუბლიკური საშუალო სკოლა-ინტერნატის ყოფილი მოსწავლეების გელა მანელიძის (სკოლა-ინტერნატის დირექტორი) დავით მორჩილაძის (თბილგაზის გენერალური დირექტორი) და კახაბერ კორძაიას (კიოტოს უნივერსიტეტის მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი) ხელმძღვანელობით მოხდა სკოლა-ინტერნატის ზოგიერთი კურსდამთავრებულის შეხვედრა და საფუძველი ჩაეყარა ”კლუბი კომაროველის” დაარსებას, რომლის ძირითადი მიზანია სკოლა-ინტერნატისადმი სხვადასხვაგვაირი დახმარების გაწევა, რათა შენარჩუნებული და განვითარებული იყოს მისი საუკეთესო ტრადიციები.

ჯემალ კიკნაძე
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის თ. გეგელიას სახ.ფიზიკა-მათემატიკის რესპუბლიკური საშუალო სკოლა-ინტერნატის ფიზიკის
მასწვლებელი.

P.S. ეს წერილი დაბეჭდილია გაზეთში ”ახალი განათლება”, 10-16 თებერვალი, 2005 წელი, #4 (259) გვ. 4

Комментариев нет:

ჩემ შესახებ

Моя фотография
თბილისი, საქართველო, Georgia